სიახლეები

პროექტის − „50 საჯარო მოხელე“ − ფარგლებში აპლიკაციის მიღება დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტის − „50 საჯარო მოხელე“ − ფარგლებში აპლიკაციის მიღება დაიწყო. პროგრამა 21-დან 25 წლამდე ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. მისი მიზანი საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაა. წარმატებულ სტუდენტებს მიეცემათ შანსი, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დაფინანსებით გაემგზავრონ დიდ ბრიტანეთში ერთი თვით ბრიტანეთის საერთაშორისო ბიზნესსკოლაში (BBSI; „მენეჯმენტი, ლიდერობა, ადამიანური რესურსების მართვა“).

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა. ის ორ ეტაპად წარიმართება. ოქტომბერ-დეკემბერში მისი მონაწილეები ქართველი და უცხოელი ექსპერტების ლექციებს მოისმენენ, განივითარებენ სამუშაო კომპეტენციას და ორგანიზაციული მართვის უნარებს, შეიძენენ ექსპერტებთან მუშაობის გამოცდილებას. პროგრამის მეორე ეტაპი 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს მოიცავს. სტუდენტები იმუშავებენ კონფერენციაზე წარსადგენ რეფერატებზე, რომლებიც სწავლების დასრულების შემდეგ სახელმძღვანელოს სახით გამოიცემა. პროგრამის მონაწილეები მოამზადებენ პრეზენტაციებს და კონფერენციას გამართავენ.  კომისიის მიერ განხილული რეფერატები გამოიცემა სახელმძღვანელოს სახით. კურსი მოიცავს სხვა დამატებით შემეცნებით და გასვლით  სასწავლო ღონისძიებებსაც. პრაქტიკის ფარგლებში ახალგაზრდები იუსტიციის სამინისტროსა და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის გაცნობასაც შეძლებენ. 

პროექტში მონაწილეობის მსურველები რამდენიმე ეტაპად შეირჩევიან. ინტელექტისა და ინგლისური ენის ტესტების ჩაბარების შემდეგ საუკეთესო კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან. ტესტირებას ინგლისურ ენაში  ბრიტანეთის საბჭო (British Council Georgia) ჩაატარებს.

აპლიკაციების შევსება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://tcj.gov.ge/project/act/app/. განაცხადების მიღება 1 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდება.