სიახლეები

სადახლოსა და ფოკაში ქართული ენის შესწავლის უფასო კურსები დაიწყო

ქართული ენის შესწავლის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის გრძელდება. ამჯერად ქართულ ენის შესწავლის შესაძლებლობა სადახლოსა და ფოკას მოსახლეობას ექნება. პროექტი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მასში  ასევე ჩართულია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

ქართული ენის შეწავლის სურვილი სადასახლოსა და ფოკას 200-მდე მცხოვრებმა გამოთქვა. მათ შორის არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე უფროსები. სასწავლო პროგრამა  აპრილის ბოლომდე გაგრძელდება და ის 24 აკადემიურ საათს მოიცავს.   

სასწავლო კურსები საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. სწავლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც არაქართველი მოქალაქეებისათვის ქართული ენის სწავლების სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს, რაც ენის შესწავლას უფრო ადვილსა და სახალისოს ხდის.

ქართული ენის შესწავლის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მოქმედებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეებს, უკეთ დაეუფლონ სახელმწიფო ენას, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ განათლება ქართულ ენაზე, უკეთ გაიცნონ ქართული ლიტერატურა, ისტორია და კულტურა, დასაქმდნენ საქართველოში და თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ.

იუსტიციის სამინისტრო ქართული ენის სწავლების კურსების ორგანიზებას ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის მომავალშიც გეგმავს.