სიახლეები

პროექტ „50 საჯარო მოხელის“ 6 მონაწილე ინგლისში გაემგზავრება

   იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტ „50 საჯარო მოხელის“ 6 საუკეთესო მონაწილე ინგლისის მენეჯმენტისა და ენის საერთაშორისო კოლეჯში (MLS International College) ერთთვიანი სასწავლო კურსით დააჯილდოვა.
   როგორც ამას პროექტის პირობები ითვალისწინებს, სწავლება სრულად ფინანსდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ. საუკეთესო მონაწილეები კომპლექსური მიდგომით 6 კრიტერიუმის მიხედვით შეირჩნენ, ესენია: ტესტირების ქულები; კურსზე დასწრების მონაცემები; პროგრესის მაჩვენებელი (ტრენინგამდე და ტრენინგის შემდგომი შეფასება); კონფერენციის შეფასება; ტრენერების რეკომენდაციები და სასწავლო პროცესის განმავლობაში მონაწილეთა დასწრება.
   მინისტრმა წარმატებული მონაწილეები საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიას პროექტის მონაწილეები, ტრენერები, მონაწილეთა სტაჟირების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
   პროექტი „50 საჯარო მოხელე“ მაღალი შეფასებებით 50-დან 37-მა მონაწილემ დაასრულა. 37 მონაწილიდან 30-მა ახალგაზრდამ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ოთხთვიანი სტაჟირება გაიარა, მათგან 22 საუკეთესო კი უკვე დასაქმდა სისტემაში, ხოლო 8-ს გაუგრძელდა სტაჟირება.