სიახლეები

უფასო ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის

იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის მიწის რეფორმის შედეგად განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებზე  უფასო ტრენინგები მიმდინარეობს

იუსტიციის სასწავლო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის უფასოდ ტარდება ტრენინგები მიწის რეფორმის შედეგად განხორციელებული საკანონმდებლო სიახლეების შესახებ.   

პროექტის ფარგლებში 2016 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 120-ზე მეტი წარმომადგენელი გაივლის ორდღიან ტრენინგს სპეციალურად მომზადებული პროგრამით. მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ მათ პრაქტიკაში არსებული რთული და სპეციფიური შემთხვევები და მიიღონ რეკომენდაციები. ტრენინგებს ჩაატარებს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწვეული ექპერტი, თამარ წიკლაური. სწავლების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ საკანომდებლო სიახლეები მიწის რეგისტრაციის პროცესში ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა აქტიურ მონაწილეობას  და მათ მთელ რიგ ახალ უფლება-მოვალეობებს აკისრებს. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა სათანადო ცოდნითა და უნარებით, რათა სრულფასოვნად და მაღალკვალიფიციურად შეძლონ დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება და მოქალაქეთა მომსახურება.

2016 წლის 31 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება და მოქალაქეებისათვის ბარიერების მოხსნა.