სიახლეები

სსიპ ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ სპეციალურად მუნიციპალიტეტებისათვის 28 ახალი ტრენინგ-პროგრამა მომზადდა

 

სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” მიერ მომზადებულია ახალი 28 სასწავლო პროგრამა სპეციალურად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისათვის და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებისათვის. ამას გარდა, მუნიციპალიტეტებს სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში” ასევე ეძლევათ სოციალური უნარების, ენების (ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული და სხვა) და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სხვა პროგრამების გავლის შესაძლებლობაც.

ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია, როგორც სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის" ოფისში, ასევე მინიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.

ეს სასწავლო პროგრამები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებზეა, მუნიციპალიტეტის ფინანსებსა და ქონებაზე, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების და სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაზე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებზე, ნებართვების გაცემის წესზე და თითქმის ყველა ადგილობრივ სერვისზე და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებში შემავალ სხვა საკითხებზე.

აღნიშნული სასწავლო პროგრამები აიტვირთა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის N319 დადგენილების შესაბამისად მომზადებულ სსიპ ”ვანო ხუხუნაიშვილის სახ. ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრში - ვებ-პორტალზე  (http://www.edu.lsg.gov.ge/).

ვებ-პორტალის შექმნის მიზანია მუნიციპალიტეტების უზრუნველყოფა მათ მიერ დამტკიცებული სწავლების საჭიროებების შესაბამისი ხარისხიანი სასწავლო პროგრამებით. ამასთან, სასწავლო პროგრამების მიმწოდებელ ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა მოამზადონ მუნიციპალურ მოხელეთა სწავლების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამები და დაარეგისტრირონ ისინი სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრში.

სასწავლო პროგრამა რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მისი შესაბამისობა სპეციალურ სტანდარტებთან ექსპერტთა საბჭოს მიერ და შემდგომ სასწავლო პროგრამა გაივლის აკრედიტაციას.

აღსანიშნავია, რომ სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” მიერ მომზადებულმა თითოეულმა სასწავლო პროგრამამ მიიღო მაღალი შეფასება, მოიპოვა აკრედიტაცია და შედეგად დარეგისტრირდა სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრში.

ამ სასწავლო პროგრამების საფუძველზე მომზადებული ტრენინგ-პროგრამების აღწერილობები აგრეთვე მოცემულია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზეც (http://www.tcj.gov.ge).

ამჟამად სსიპ ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ მიმდინარეობს მუშაობა ახალ სასწავლო პროგრამებზე, რომელთა ატვირთვა  2017 წლის განმავლობაში მოხდება ეტაპობრივად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა სსიპ ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ მიიღონ სწავლების მომსახურება მათ უფლებამოსილებებში შემავალ თითქმის ყველა საკითხზე.

 

იხ.პროგრამების სრული ჩამონათვალი