სიახლეები

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის მონაწილეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ხათუნა კასრაძე. 
მინისტრის მოადგილე სტუდენტებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელობაზე ესაუბრა, განუმარტა მათ სასამართლოს განსჯადობის სფერო და იურისდიქცია. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ცოდნის აუცილებლობას მომავალი იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესში.

ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრების მონაწილეების კითხვებს უპასუხა, კიდევ ერთხელ განუმარტა მათ კონკურსის პირობები და წარმატება უსურვა.
კონკურსის მიზანი ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობით მომავალი იურისტების დაინტერესებაა.

კონკურსი იუსტიციის სამინისტრომ 1 მაისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მა გუნდმა გამოთქვა, რაც, ჯამში, 120 სტუდენტს შეადგენს.
სტრასბურგის სასამართლოს იმიტირებული პროცესი 24-25 ივნისს გაიმართება. გამარჯვებული გუნდი სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდის შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საკონკურსოდ მომზადებაში სტუდენტებს იუსტიციის სამინისტრო დაეხმარება, საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის შემთხვევაში კი მათი მონაწილეობის ხარჯებს „ELSA საქართველო“ დაფარავს.

პროექტის საუკეთესო მონაწილე სტაჟირებას დაიწყებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და „ELSA საქართველოს“ ინიციატივით.