სიახლეები

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

2017 წლის 30 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში ტრეფიკინგის თემაზე მომზადებული ტრენინგების კვირეული განხორციელდა.

კვირეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან  მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

კვირეულის მიზანი იყო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის საკითხებზე. საქართველოს 12 საზოგადოებრივ ცენტრში (ბარალეთი, ბერძენაული, ვალე, კიცხი, კოხნარი, ლაჯანა, ნიგოითი, ორსანტია, ტყვიავი, უსახელო, ფოკა, ჭალადიდი) ჯამში 113 მოქალაქეს აუმაღლდა ცნიებიერება ტრეფიკინგის პრევენციის შესახებ.

პროექტი ეხმიანებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც, 2017 წლის 31 ივლისს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო.

ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) როგორც  დანაშაულის ძირეულ საკითხებზე, თუ რა არის ტრეფიკინგი, რა სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს, როგორ უნდა დაიცვან თავი შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციისგან, ვის უნდა მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.