სიახლეები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები - სტუდენტებისთვის კონფერენცია გაიმართა.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღის აღსანიშნავად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ სტუდენტებისთვის კონფერენცია გაიმართა.კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი.

სტუდენტებს კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მისცა. აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე შერჩეული სტუდენტები კონფერენციაზე გაეცნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდეციები; შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის ნიშნები, ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიცირება, დაცვა და დახმარება; ეროვნული რეფერალური მექანიზმი და სხვა.

კონფერენცია მიზანად ისახავდა სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოში არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებზე, საკანონმდებლო სიახლეებზე, ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდენციებზე და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის მიზნით არსებულ სახელმწიფო სერვისებზე.

კონფერენციის ფარგლებში ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში მომუშავე ექსპერტებმა მოხსენებები, ხოლო სტუდენტებმა ნაშრომები წარმოადგინეს. გაიმართა თემატური ფილმის ჩვენებაც.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და ის ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპულ დღეს ეხმიანებოდა.