სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში - ტესტირების შედეგები ცნობილია

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნული შეჯიბრის მონაწილეებმა ტესტირების ეტაპი გაიარეს. ტესტირების შედეგების მიხედვით, ფინალურ რაუნდზე მოხვედრის შანსი 5 უნივერსიტეტის 15 გუნდს აქვს.  ტესტირების შედეგების ნახვა შესაძლებელია ბმულზე

ტესტირების რაუნდში გადასული გუნდებისთვის მომდევნო ეტაპი გასაუბრების გავლა იქნება, რათა ჟიურიმ ფინალური რაუნდისთვის საუკეთესო 6 გუნდი შეარჩიოს.  გასაუბრების შესახებ დეტალური ინფორმაცია გუნდებს ინდივიდუალურად ეცნობებათ.

შეჯიბრის ფინალური ეტაპი იქნება 6 გუნდიდან გამარჯვებული გუნდის გამოვლენა, რომელიც ჩატარდება სიმულაციების ფორმით ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, 2019 წლის 14-16 ივნისს. შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ახორციელებენ ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. პროექტი ხორციელდება იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. შეჯიბრში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.

პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა. გამოვლინდება ფინალში გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მომხსენებელი.