სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში - გამარჯვებული გუნდი ცნობილია



ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნული შეჯიბრის ფინალური რაუნდი გაიმართა. 
შეჯიბრის გამარჯვებული ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა შემდეგი შემადგენლობით: ნანა შამათავა, ნანა ბრეგვაძე, ქეთევან მახარაშვილი. გამარჯვებული გუნდის გამოვლენის გარდა საუკეთესო მომხსენებელიც დაჯილდოვდა. საუკეთესო მომხსენებლდ ანა შონია (თსუ) დასახელდა. 

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სარაჯიშვილმა პროექტის თითოეულ მონაწილეს დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო შეჯიბრის მონაწილეებს თემატური ლიტერატურა გადასცა.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. შეჯიბრში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.

შეჯიბრში მონაწილე გუნდებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს: ტესტირების შემდეგ, ფინალურ რაუნდზე მოხვედრის შესაძლებლობა 5 უნივერსიტეტის 15 გუნდს ჰქონდა. სპეციალურმა ჟიურიმ ფინალური რაუნდისთვის 6 საუკეთესო გუნდი გასაუბრების შედეგად შეარჩია.
წელს ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში უკვე მეშვიდედ განხორციელდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაორისი კომისიის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ერთობლივი ორგანიზებითა და თანამშრომლობით.

წლევანდელი შეჯიბრი ასევე ეძღვნებოდა ჟენევის კონვენციების 70 წლისთავს.