სიახლეები

საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების ხარისხის უზრუნველყოფა - მოლდოვაში მეოთხე რეგიონული შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა მოლდოვაში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - „მოხელეთა გადამზადების სისტემის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში გაიმართა.

GIZ-ისა და საჯარო მმართველობის რეფორმების რეგიონული ფონდის მხარდაჭერით გამართულ მეოთხე რეგიონული შეხვედრაზე საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და გერმანიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ორდღიანი მრგვალი მაგიდის თემა იყო საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების ხარისხის უზრუნველყოფა.

საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება მიმდინარე წელს ამოქმედებული ტრენინგების აკრედიტაციის სისტემის თაობაზე.

შეხვედრას დაესწრნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი პირები, თინათინ ცინარიძე და მაია ხოსიტაშვილი. იუსტიციის სასწვლო ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ცენტრში არსებული ხარისხის მენეჯმენტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და ისაუბრეს წელს ამოქმედებული ტრენინგების აკრედიტაციის სისტემის თაობაზე.

როგორც ცნობილია, საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებიც იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მოამზადა, აკრედიტაცია სექტემბერში მიენიჭა. “მოხელის მენეჯერული უნარები” და “პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება” - ეს ის პროგრამებია, რომლებზეც აკრედიტაცია 5 წლის ვადით გაიცა. საჯარო სამსახურს მსგავსი პროგრამები აქამდე არ ჰქონია. მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ იუსტიციის სასწავლო ცენტრზე აკრედიტაცია პირველად გასცა.

გერმანიის სამოხელეო აკადემიისა და ბერლინის საჯარო მმართველობის აკადემიის დირექტორებმა კოლეგებს გერმანული მიდგომები და პრაქტიკა გააცნეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის განათლების სამინისტროს, საჯარო სამსახურის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო მართვის სკოლის, საჯარო მმართველობის ეროვნული აკადემიის და რეგიონული ტრეინინგ ცენტრების წარმომადგენლები, ხოლო მოლდოვას მხრიდან - პარტნიორები სახელმწიფო კანცელარიიდან და საჯარო მმართველობის აკადემიიდან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ მეოთხე რეგიონულ მრგვალ მაგიდას ადგილზე მოლდოვას საჯარო მმართველობის აკადემია მასპინძლობდა.