სიახლეები

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული გუნდი ცნობილია.

შეჯიბრის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი - sub specie aeternitatis გახდა. შეჯიბრის ფინალისტებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ სიტყვით მიმართა.

ვროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულებს - ელიზაბეტ კაკაბაძეს და საბა იშხნელიძეს შეჯიბრის ორგანიზატორებმა თემატური ლიტერატურა, სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცეს. საუკეთესო წერილობითი დოკუმენტის ავტორი გუნდის ნომინაციაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა - QRT გაიმარჯვა, რომლის წევრებს - მარიამ ცაგურიას, სულიკო ჟღენტს, ვახტანგ მჭედლიძესა და ნიკა გოგიაშვილს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებლის ნომინაციაში გამარჯვებული ელიზაბეტ კაკაბაძე გახდა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე კონკურსი სტუდენტებისთვის მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოაცხადა.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამასთან ერთად განხორციელდა.

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

შეჯიბრში მონაწილეებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს. შეჯიბრში მონაწილეობდა საქართველოში ავტორიზებული 15 უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარი 44 გუნდის 139 მონაწილე.