სიახლეები

ჰააგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა



იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2020 წელს ჰააგის სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოწვეულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ჰააგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმების და გასავლელი პროცედურების შესახებ. შეხვედრას საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების − საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა ცენტრის − წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობისთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვევა გაიგზავნა შემდეგ უწყებებში:
• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
• საქართველოს უზენაეს სასამართლოში;
• იუსტიციის უმაღლეს საბჭოში;
• საქართველოს პროკურატურაში;
• საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში;
• საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში;
• საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ სამართლის პროგრამებს;
• სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის საქართველოს კოალიციის ხელმძღვანელ ორგანიზაციაში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჰააგის მოსამართლეობის კანდიდატების განაცხადების მიღება 2020 წლის 13 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: administracia@tcj.gov.ge მსურველები დოკუმენტაციის გამოსაგზავნად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://tcj.gov.ge/ka/news/526/

როგორც ცნობილია, 2020 წლის 30 იანვარს საქართველოს მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი დაამტკიცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი აწარმოებს პროფესიული ტესტირების ადმინისტრირებას, რომელიც კანდიდატებმა ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე უნდა წერონ. ტესტირების დავალებას შეადგენს და კანდიდატის ნაწერს 10-ბალიანი სისტემით შეაფასებს სპეციალურად ამ მიზნით მოწვეული კონსულტანტი ან კონსულტანტები, რომლებსაც ექნებათ ჰააგის სასამართლოს სისტემაში ან სისხლის სამართლის ტრიბუნალში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.

მთავრობის დადგენილების თანახმად, იუსტიციის სასწავლო ცენტრი წერითი ტესტირების შედეგების მიხედვით გამოკვეთილ არანაკლებ ორ და არაუმეტეს ხუთ საუკეთესო კანდიდატს საქართველოს მთავრობას წარუდგენს (ამისათვის ტესტირებაში კანდიდატმა მინიმუმ 6 ქულა მაინც უნდა მიიღოს).

მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს მთავრობას წარედგინება, რის შემდეგაც მთავრობა 2 საუკეთესო კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი კანდიდატებს მოუსმენს და კენჭს უყრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევისთვის დადგენილი მოსმენისა და კენჭისყრის პროცედურით − სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.

6 ახალი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში 2020 წლის დეკემბერში მე-19 ასამბლეაზე უნდა შეირჩეს. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპიდან (ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს ვადა ეწურება). საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს. ჰააგის მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის ვადაა 2020 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 30 მარტამდე პერიოდი.