სიახლეები

შეფასების ერთიანი სისტემის (CAF) მეთოდოლოგიაში ონლაინ “ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

 „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“ პარტნიორობითა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“ შეფასების ერთიანი სისტემის (CAF) მეთოდოლოგიაში ონლაინ “ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა.

შეფასების ერთიანი სისტემა (CAF) ხარისხის მართვის ყოვლისმომცველი თვითშეფასების მოდელია, რომელიც საჯარო სფეროსთვის უშუალოდ საჯარო სექტორმა შეიმუშავა და დღეისათვის ევროკავშირის ქვეყნებში 4500-მდე უწყება წარმატებით იყენებს.
„ტრენერთა ტრენინგი“ მიზნად ისახავდა ტრენერების მომზადებას აღნიშნულ მეთოდოლოგიაში, სახელმწიფო უწყებების საქმიანობის დაგეგმვისა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიმართულებით.

ონლაინ ფორმატში ორგანიზებულ ტრენინგს „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“, „იუსტიციის სახლის“, „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრისა“ და „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

“საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა” ასევე გადმოიბარა შეფასების ერთიანი სისტემის სასწავლო მოდული, რომელიც საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით მომზადდა.

შემდგომ ეტაპზე, აღნიშნული მოდულის გამოყენებითა და გადამზადებული ტრენერების ჩართულობით, „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ თავად უზრუნველყოფს სხვადასხვა საჯარო უწყებაში CAF-ის დანერგვის მიზნით, თანამშრომელთა გადამზადებას.