სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 მემორანდუმს ხელი იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მედიაციის ინსტიტუტის, როგორც დავის გადაწყვეტის პროგრესული მექანიზმის პოპულარიზაციას. ასევე, მემორანდუმის მიზანია, საგანმანათლებლო, სასწავლო და სამართლებრივი კვლევების ჩატარება.

დოკუმენტის საფუძველზე მხარეები ერთობლივად განახორციელებენ სასწავლო პროექტებს, ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, თემატურ სემინარებს და კონფერენციებს - დაგეგმავენ მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს ახალგაზრდების სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერას.

მედიაციის ინსტიტუტის მხარდაჭერა იუსტიციის სისტემისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. სწორედ იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით შემუშავდა და 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა სრულიად ახალი კანონი „მედიაციის შესახებ“. ახალმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა მედიატორის პროფესიის განვითარებას. ამ მიზნით, შეიქმნა მედიაციის სფეროში ძირითადი წესების დამდგენი მედიატორთა თვითრეგულირების ორგანო - საქართველოს მედიატორთა ასოციაცია. „მედიაციის შესახებ“ ახალმა კანონმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების საუკეთესო საშუალების, დამკვიდრებას და განვითარებას. მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მარტივი გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით აღიდგინონ დარღვეული უფლებები. სასამართლოების გადატვირთულობა ხშირად ხდება საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზი, რაც საფრთხეს უქმნის სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და მედიატორთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი ხელმოწერისთანავე შედის ძალაში.