სიახლეები

ჰანეს როზლერმა ევროკავშირის სამართლის შესახებ სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროექტი - ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი, გრძელდება. პროექტში მონაწილე გუნდებისთვის ევროკავშირის სამართლის საფუძვლების შესახებ ონლაინ ლექცია ჩატარდა. ლექცია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ მოწვეულმა ექსპერტმა - ზიგენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰანეს როზლერმა ჩაატარა.

ევროკავშირის სამართლის საფუძვლების შესახებ ტრენინგს პროექტის მონაწილე 50-მდე პირი დაესწრო. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის სამართლის, ევროკავშირის სტრუქტურის, მისი საქმიანობის სფეროების და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) პარტნიორობით ახორციელებენ. წელს რეგისტრაციის გავლა 11 მარტიდან იყო შესაძლებელი და შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

პროექტის შემდგომ ეტაპებზე გამოვლინდებიან პროექტში მონაწილე საუკეთესო გუნდები. შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდება ფინალში გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო წერილობითი დოკუმენტის ავტორი გუნდი და საუკეთესო მომხსენებელი. პროექტის ზეპირი რაუნდის მონაწილე თითოეულ გუნდს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო ფინალისტებს სერტიფიკატთან ერთად გადაეცემათ იურიდიული ლიტერატურა.