სიახლეები

ევროკავშირის იმიტირებული სასამართლო პროცესი 2021 დასრულდა!

ევროკავშირის იმიტირებული სასამართლო პროცესი 2021 დასრულდა. სტუდენტური პროექტის გამარჯვებული თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის გუნდი გახდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ჩაჩხიანი, გვანცა დოლბაია და ალექსანდრე პატარაია. ინდივიდუალურად საუკეთესო გამომსვლელის ტიტული თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტმა მარიამ ბიბილურმა მოიპოვა. კონკურსის 53 გუნდი და 169 მონაწილე თითოეულ ეტაპზე მოსამართლეებისაგან შემდგარმა კოლეგიამ შეაფასა.

გამარჯვებულები იუსტიციის მინისტრმა დააჯილდოვა,  სასწავლო სახელმძღვანელოები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა მათ. გამარჯვებულებს ასევე გადეცათ GIZ-ის პუბლიკაციები. „ევროპული სამართალი - სასწავლო სახელმძღვანელო“, რომელიც შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს(BMZ) თანადაფინანსებული პროექტის –„საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება“ ფარგლებში.

ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესები იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის ინიციატივით და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელშეწყობით ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანი ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკავშირის კანონმდებლობისადმი ინტერესის გაზრდა და იმ საქმიანობის პოპულარიზაციაა, რასაც იუსტიციის სამინისტრო ეწევა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისაგან შემდგარი ჯგუფები.

2021 წელს ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესები ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. პროექტის პარტნიორები იყვნენ საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი.