სიახლეები

ესეების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

ესეების კონკურსის თემაზე „სტამბოლის კონვენცია - საუკეთესო სტანდარტი თუ იდეოლოგია - საქართველოს მაგალითი“ გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ მღებრიშვილმა გაიმარჯვა. 

კონკურსი ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მგრძნობელობის გაზრდის მიზნით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი მსოფლიო მასშტაბის კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

კამპანია 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. იგი მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას, მათ შორის არსებული გამოწვევების აქტუალიზაციის საშუალებით.

2021 წლის ესეების კონკურსის ძირითადი თემატიკა სტამბოლის კონვენციის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქართველოს პრაქტიკასთან მიმართებით განიხილებოდა.

კონკურსი ხუთი ეტაპისგან შედგებოდა: მონაწილეთა რეგისტრაცია, ტრენინგი თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა სტამბოლის კონვენციის მიხედვით, საქართველოს მაგალითი,“  ესეების წარდგენა, კონფერენციის მონაწილე ხუთი საუკეთესო სტუდენტის შერჩევა, კონფერენცია/ესეების წარდგენა.

ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურის, ასევე მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

პროექტს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ახორციელებს.