სიახლეები

ქართული ენის კურსი ეროვნული უმცირესობებისთვის

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის უფასო სწავლებას აგრძელებს.

ქართული ენის ერთთვიანი კურსი ქალაქ მარნეულში მდებარე იუსტიციის სახლში მიმდინარეობდა. სასწავლო კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელი იყო 1-9 ივნისს ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით, რომელიც სასწავლო ცენტრის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის კურსებს 2015 წლიდან ატარებს. სწავლების მიზანია, ენობრივი ბარიერების შემცირებით ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოქალაქეების ინტეგრაციას თანამოქალაქეებთან, გაუმარტივოს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა და დასაქმება.

სწავლების საწყის ეტაპზე მონაწილეებს ჩაუტარდათ ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი პრეტესტი, მიღებული შედეგების გათვალისწინებით კი შეირჩა შესაბამისი სახელმძღვანელო, რომლითაც სასწავლო ცენტრის ტრენერი წარმართავდა გაკვეთილებს.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობამ, რადგან მისი წარდგენა მათ შეუძლიათ პოტენციურ დამსაქმებელთან ენის ფლობის დონის დადასტურების მიზნით. სასწავლო კურსის მონაწილეები სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობას უფასოდ შეძლებენ.

ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლება არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომლითაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი მონაწილეობს სახელმწიფო ენის ერთიანი სტრატეგიის (2021-2030 წლები) სამოქმედო გეგმაში.