სიახლეები

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შეჯიბრში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

პროექტის „ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2022“ გამარჯვებული „თავისუფალი უნივერსიტეტის“ გუნდი გახდა. გამარჯვებული სტუდენტები არიან: რატი აბუსერიძე, მარიამ გეწაძე და მარიამ ალასანია.

ასევე, გამოვლინდა და დაჯილდოვდა საუკეთესო მომხსენებელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე ხურციძე.

აღნიშნული პროექტით იუსტიციის სასწავლო ცენტრი, პარტნიორებთან ერთად, სტუდენტებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ, ჩამოაყალიბონ და გაიუმჯობესონ სამართლებრივი უნარ-ჩვევები, შექმნან ერთმანეთში საკონტაქტო ქსელი.

პროექტის თითოეულ მონაწილეს დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო შეჯიბრში გამარჯვებულებს თემატური ლიტერატურა გადაეცათ. სტუდენტები იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სარაჯიშვილმა დააჯილდოვა.

შეჯიბრში მონაწილე გუნდებმა ხუთი ეტაპი გაიარეს: რეგისტრაცია, წერილობითი პოზიციების წარმოდგენა, ლექციების ეტაპი, ტესტირება და ფინალური ეტაპი. პროექტში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში მეათედ გაიმართა. პროექტი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებითა და თანამშრომლობით განხორციელდა.

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნული შეჯიბრის ფინალურ რაუნდს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა.