სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საზოგადოებას უფასო იურიდიული ტრენინგები შესთავაზა

დაინტერესებულმა პირებმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში უფასო ტრენინგები ხუთ სხვადასხვა თემაზე გაიარეს: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; სოციალური ქსელი და მასთან დაკავშირებული უფლებები; შრომით უფლებები; ევროკავშირის კონკურენციის სამართალი; ევროპის კავშირისა და წევრი სახელმწიფოების სამართლის ურთიერთდამოკიდებულება.

ტრენინგები მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსი და მონაცემთა დამუშავების პრინციპები; სოციალური ქსელის სამართლებრივი რეგულირება, როგორც ადგილობრივ საკანონმდებლო, ისე საერთაშორისო დონეზე; შრომითი ხელშეკრულების დადების წინაპირობები, შრომითი დისკრიმინაცია და მისი ფორმები; ევროპის კავშირის შიდა ბაზარზე კონკურენციის პოლიტიკის არსებობის მნიშვნელობა, ეკონომიკური აგენტის არსი, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების წინაპირობები; ევროკავშირის შიგნით არსებული წესები, სამართლებრივი იერარქია და ორგანიზაციაში არსებული ძირითადი ინსტიტუტები.

უფასო ტრენინგებს ჯამში 61 მონაწილე დაესწრო. სამართლებრივ ტრენინგებს „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები უძღვებოდნენ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლებისთვის საჭირო ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული და წლებია უზრუნველყოფს შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.