სიახლეები

ზამთრის სკოლა ყვარლის სასწავლო ცენტრში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზამთრის სკოლა გაიხსნა.

ჟურნალისტიკისა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები 1 კვირის განმავლობაში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისგან მიიღებენ ცოდნას ამ სფეროში არსებული გამოწვევებისა და ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესახებ. მონაწილეები ისაუბრებენ, თუ რა სახის ბალანსი უნდა იყოს დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის და რა გზებითაა შესაძლებელი პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

გარდა ამისა შეხვედრები გაიმართება ისეთ თემებზე, როგორებიცაა პერსონალური მონაცემების დაცვის სპეციფიკა, ინსპექტორის მანდატი, არსებული კანონმდებლობა, ბალანსი სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის, სოციალური ქსელები და დიდი მონაცემთა ბაზები.

პერსონალური მონაცემების ზამთრის სკოლა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ტარდება.