სიახლეები

საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა


შეჯიბრში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა შემდეგი შემადგენლობით: იოსებ ედიშერაშვილი, ქეთევან ჩაფიაშვილი, ანა თაბაგარი. საუკეთესო მომხსენებელი ქეთევან ჩაფიაშვილი გახდა. 

გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა. 

საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის ფინალში 4 გუნდი მონაწილეობდა.

ეროვნული შეჯიბრის ფინალისტებმა 3 საერთაშორისო სასამართლოს − ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს − იმიტირებული პროცესი გაიარეს. 

პროექტი ინგლისურ ენაზე წარიმართა და ის მიზნად ისახავს სტუდენტებში საერთაშორისო სასამართლოების საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მათი პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

ფინალში გასვლამდე აპლიკანტებს რამდენიმე ეტაპის გავლამ მოუწიათ − რეგისტრაციის შემდეგ სტუდენტებმა გაიარეს ტესტირება, მოამზადეს წერილობითი პოზიციები, გაიარეს გასაუბრება. პროექტში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. 

საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის პარტნიორია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა, სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“. ევროპის საბჭო ღონისძიებას მხარს უჭერს ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილის ფარგლებში.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია „საქართველოს“ (ELSA Georgia) მიერ ხორციელდება.