სიახლეები

მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრას 23 მუნიციპალიტეტის 74 წარმომადგენელი ესწრებოდა.

მონაწილეებმა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში შესული განაცხადების დროული და ეფექტიანი განხილვის და იმ სამართლებრივი გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, რომელიც მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინაშე დგას.

მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლებს ტრენინგი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. მათ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებს ის მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებებიც გააცნეს, რომელიც მთავრობამ მიწის რეგისტრაციის გასამარტივებლად 7 ნოემბერს დაამტკიცა.

როგორც ცნობილია, მიწის რეგისტრაციის გასამარტივებლად კანონპროექტით:
• ფართოვდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები;
• მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე;
• თუკი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლება ვერ დადასტურდება, საჯარო რეესტრი განსაზღვრავს, რამდენად ექვემდებარება საკუთრების უფლება აღიარებას და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გადაუგზავნის საქმეს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რაც განტვირთვას კომისიებს საქმეებისაგან და დააჩქარებს განხილვის პროცესს;
• ამასთან, იცვლება აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით და სხვა.

მიწის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 2016 წლიდან რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებს.

მაგალითად, 2016 წლის ნოემბერში ტრენინგი ჩაუტარდა 65 მუნიციპალიტეტის 116 წარმომადგენელს, 2017 წელს მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო 12-ვე არეალში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ჩატარებული ტრენინგები 227-მა მონაწილემ გაიარა. ასევე, შეიქმნა სპეციალური ელექტრონული კურსი მიწის რეგისტრაციის პროცედურებზე, რომელიც 2019 წლის მაისიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის (http://landregistration.gov.ge/ka/login ).

მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა ორდღიანი იყო და ის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა.