სიახლეები

ვირტუალური საკვირაო სკოლა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ვირტუალური საკვირაო სკოლა დაიწყო.
პროექტს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი და ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტი (GAU) ახორციელებენ. საკვირაო სკოლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.
სესიები 16 იანვრიდან დაიწყო და 13 თებერვლის ჩათვლით ყოველ შაბათ- კვირას ჩატარდება. პირველი ოთხი ტრენინგი უკვე ჩატარდა და სწავლებას იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის დამფუძნებელი, პროფესორი მარინა მესხი და აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის წარმომადგენელი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი უძღვებოდნენ.
ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები და მექანიზმები - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებიც პირველი ოთხი ტრენინგის დროს განიხილეს.
პროექტში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრმა 2020 წლის დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა. საკვირაო სკოლის მონაწილეები, მოტივაციისა და თემატიკასთან დაკავშირებული გამოცდილების საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შეირჩნენ. მთლიანობაში პროექტში 60 პირი მონაწილეობს.
პროექტის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები. გარდა ამისა, აკდემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდში, პროექტის მონაწილეებისთვის გამოცხადდება სტატიების კონკურსი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. გამარჯვებული ავტორების სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, ისინი მიწვეულნი იქნებიან 2021 წლის მარტში ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.