სიახლეები

2023 წლის ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და კონსტიტუციითაა გარანტირებული, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქვეყნის მტკიცე გადაწყვეტილება კი ოფიციალურად გაფორმებულია 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადით.

აღნიშნული პროცესის წარმატების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას საზოგადოების ჩართულობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაციის, ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესისადმი ინტერესის გაზრდისა და ასევე, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების პროცესთან დაკავშირებული იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Facility for AA Implementation II - პროექტის“ მხარდაჭერითა და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ხელშეწყობით ხორციელდება ევროკავშირის სამართლის ყოველწლიური იმიტირებული პროცესი.

აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოში ევროპული დღეების აღნიშვნის ფარგლებში.

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები: 
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა, თუმცა ერთ გუნდში ვერ იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუდენტი.

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული წინა წლების ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესის ზეპირ ეტაპზე.

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

შეჯიბრის ეტაპები:

I ეტაპი: სარეგისტრაციო ფორმის შევსება;

II ეტაპი: წერილობითი პოზიციის წარმოდგენა (დარეგისტრირებულ მონაწილეებს საქმე გადაეგზავნებათ და მიეცემათ დრო წერილობითი პოზიციის მოსამზადებლად);

III ეტაპი: შესარჩევი რაუნდი (მოცემულ ეტაპზე მონაწილეობს 8 გუნდი);

IV ეტაპი: ფინალური ეტაპი (ფინალური რაუნდი ორი ნაწილისგან შედგება: ნახევარფინალი და ფინალი. ნახევარფინალის ეტაპზე გადასული 4 გუნდიდან ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა საუკეთესო 2 გუნდი).

შეჯიბრის ენა: შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის, ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

ტრენინგები მონაწილეთათვის:

ლექცია ევროკავშირის სამართალში ჩატარდება ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან მოწვეული ლექტორის მიერ (უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი).

ღონისძიების ჩატარების ადგილი:

ზეპირი რაუნდები ჩატარდება იუსტიციის სასაწავლო ცენტრში ქ. ყვარელში. უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა ტრანსპორტირება (მათ შორის რეგიონებიდან) და სასტუმროში განთავსება.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

- პროექტის ზეპირი რაუნდის მონაწილე თითოეულ გუნდს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

- გამარჯვებულებს გადაეცემათ ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული საჩუქრები

 

შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდებიან შემდეგი სახის გამარჯვებულები:

- ფინალში გამარჯვებული გუნდი;

- საუკეთესო წერილობითი დოკუმენტის ავტორი გუნდი;

- საუკეთესო მომხსენებელი.

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2023 წლის 12 მარტისა (23:59 სთ.).

 

პროექტის ვადები:

1. 2023 წლის 27 თებერვალი – 12 მარტი 23:59 სთ. - გუნდების რეგისტრაცია;

2. 2023 წლის 14 მარტი - დარეგისტრირებული გუნდებისთვის მოსამზადებელი კაზუსის გადაგზავნა;

3. 2023 წლის 26-29 მარტი - ტრენინგი ევროკავშირის სამართლის შესახებ (ტრენინგის ხანგრძლივობა 8 საათი) (ჯგუფებს წინასწარ ეცნობებათ ტრენინგის ჩატარების ზუსტი თარიღი);

4. 2023 წლის 3-13 აპრილი - ტრენინგი GDPR დარეგისტრირებული მონაწილისათვის (ტრენინგის ხანგრძლივობა 8 საათი) (ჯგუფებს წინასწარ ეცნობებათ ტრენინგის ჩატარების ზუსტი თარიღი);

5. 2023 წლის 3-13 აპრილი - ტრენინგი სასამართლოში გამოსვლის უნარებზე დარეგისტრირებული მონაწილესათვის (ტრენინგის ხანგრძლივობა 8 საათი) (ჯგუფებს წინასწარ ეცნობებათ ტრენინგის ჩატარების ზუსტი თარიღი);

6. 2023 წლის 14მარტი - 17 აპრილი - დრო კაზუსის დამუშავებისა და წერილობითი პოზიციის წარმოდგენისთვის;

7. 2023 წლის 26აპრილი - 8 საუკეთესო გუნდის გამოვლენა;

8. 2023 წლის 4 მაისი - გამგზავრება ქ. ყვარელში და შესარჩევი რაუნდი 8 საუკეთესო მონაწილე გუნდისთვის;

9. 2023 წლის 5 მაისი - ნახევარფინალური ეტაპი 4 საუკეთესო მონაწილე გუნდისთვის;

10. 2023 წლის 5 მაისი - ფინალური ეტაპი 2 საუკეთესო მონაწილე გუნდისთვის;

11. 2023 წლის 6 მაისი - გამომგზავრება ქ. ყვარლიდან.

შენიშვნა: შესაძლოა ტრენინგის თარიღები მოდიფიცირდეს, რის შესახებ მონაწილე გუნდებს ეცნობებათ წინასწარ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: projects@tcj.gov.ge.