სიახლეები

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე 2023 იწყება!

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს  პროექტს "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“.

პროექტი ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

შეჯიბრის ვადები:

2023 წლის 10-31 ოქტომბერი - პროექტში მონაწილეობის მსურველ გუნდთა რეგისტრაცია;

2023 წლის 2 ნოემბერი -  მოსამზადებელი მასალისა და საქმის გაგზავნა დარეგისტრირებული გუნდებისათვის;

2023 წლის 2-27 ნოემბერი - დრო დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების მომზადებისთვის;

2023 წლის 6-10 ნოემბერი - ტრენინგის სესიები რეგისტრირებული გუნდებისთვის;

2023 წლის 27 ნოემბერი - 23:59 სთ - გუნდების მიერ დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების წარმოდგენა;

2023 წლის 1 დეკემბერი - ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების გამოცხადება;

2023 წლის 1-12 დეკემბერი - დრო ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების მომზადებისთვის;

2023 წლის 13-15 დეკემბერი -  იმიტირებული პროცესის ზეპირი რაუნდები.

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს. შესაძლებელია, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

გუნდის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომელსაც შეჯიბრის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი და წინა წლების განმავლობაში ამავე პროექტის ზეპირ რაუნდში არ აქვს მონაწილეობა მიღებული.

თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ და არაუმეტეს 4 სტუდენტისაგან.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესის ეტაპები:

იმიტირებული სასამართლო პროცესი  შედგება ორი ეტაპისაგან − წერილობითი და ზეპირი რაუნდები.

თითოეული რეგისტრირებული გუნდი წარმოადგენს როგორც დაცვის, ისე ბრალდების პოზიციებს წერილობით და ზეპირ რაუნდებში.

წერილობით რაუნდში გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობას ზეპირ რაუნდში მიიღებს.

შეჯიბრის ენა:

იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება ქართულ ენაზე. ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები ჩატარდება ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

პროექტის ფინალური ეტაპი:

ფინალში გადასულ გუნდის წევრებს გადაეცემათ პრიზები.

ზეპირი რაუნდის ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

შეჯიბრის წესები

 

დარეგისტრირდით

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ ჭილაშვილი (+995) 511 33 16 77; mchilashvili@tcj.gov.ge

შოთა ჭითანავა (+995) 577 41 93 99; shchitanava@justice.gov.ge